ძალიან დიდი ხანია ამ ბლოგზე არაფერი დამიწერია. ხან უდროობას ვიმიზეზებ, ხან უიდეობას, მაგრამ ერთადერთი მიზეზი სიზარმაცეა. რაც შეეხება სიახლეებს, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბოლო პოსტიდან. პირველ რიგში, მაგისტრატურაში ჩავაბარე. როგორ, რატომ, რისთვის? ახლაც არ ვიცი, უბრალოდ ძალიან კარგი შესაძლებლობა გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი დასვენება და მუშაობა მინდოდა, უარი ვერ ვთქვი. ყოველთვიურად საკმაოდ დიდი სტიპენდია მაქვს და სწავლის ფულის გამორთმევა მშობლებისთვის არ მიწევს. მეტი როდის მექნება შესაძლებლობა ვისწავლო ჯიპაში და სწავლა თავად დავიფინანსო.
გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ბევრი მაქვს სასწავლი და პრაქტიკული დავალებები შესასრულებელი, ძალიან ვიღლები. მეგობრებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის მარტო შაბათ-კვირას ვიცლი, დასვენებისთვის დრო თითქმის არ მრჩება და ძალიან გადავიღალე. ვხვდები, რომ ბოლო პერიოდში ყველაფერი მაღიზიანებს და ხასიათიც ძალიან გამიფუჭდა. მოტივაციის შექმნა და შენარჩუნებაც ძალიან მიჭირს, თავს ძალას ვატან რომ 4 წლის განმავლობაში დაზეპირებულ ლექციებს კიდევ ერთხელ მოვუსმინო და ერთი და იგივე დავალება მეასედ გავაკეთო. სასწავლო პროგრამა მართლა იდეალურია, უბრალოდ როცა ბაკალავრიატს და მაგისტრატურას ერთსა და იმავე სფეროში აკეთებ, ცოტა მოსაბეზრებელია.
ჯიპაში ყველაზე მეტად ლექტორების სტუდენტებისადმი დამოკიდებულება მომწონს. ჯავახიშვილისაგან განსხვავებით, აქ როგორც თანასწორს გელაპარაკებიან და შენს აზრს პატივს სცემენ. სასწავლო პროცესი ძალიან დალაგებულია, ყველა ცვლილებაზე ინფორმაციას წინასწარ გვაწვდიან. დღეში 3-4 მეილი მოდის და არ ყოფილა შემთხვევა, ლექტორს ლექცია გაეცდინოს და წინასწარ არ გავეფრთხილებინეთ. ამ ყველაფერს ემატება ძალიან კარგი ტექნიკა, რაც პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა. ჯიპას რეკლამასავით გამომდის, მაგრამ ჯერ ცუდი არაფერი მომხდარა და შეუძლებელია არ დააფასო, როცა ხედავ რომ ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შენ ცოდნა მიიღო. ჯგუფელებიც ძალიან კარგები არიან, უბრალოდ ზოგთან უფრო ვმეგობრობ,ზოგთან საერთო ენის გამონახვა მიჭირს. სულ 33 ვართ, 21 ქართველი, 6 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი. საერთო წვეულებაც გვქონდა, ჭაჭის დეგუსტაციით. რა თქმა უნდა, პატარა უსიამოვნებები და კბენები არის, მაგრამ 33 ძალიან ამბიციური ადამიანის ურთიერთობა მარტივი ვერც იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ყველა გაუგებრობა აუდიტორიაში რჩება და მეგობრობაში ხელს არ გვიშლის. დანარჩენ ცვლილებებზემ უფრო სწორად მიმდინარე მოვლენებზე შემდეგ პოსტებში. უკვე მეასედ ვდებ პირობას, რომ ხშირად დავწერ, იმედია, ახლა მაინც ავასრულებ.
პ.ს. კიდევ სამ საკითხს უნდა მივხედო:
- რაც შეიძლება ხშირად ვნახო მეგობრები;
- ვეცადო აღარ ვიყვირო, ვიუხეშო;
- ადამიანურად დავისვენო, დღეში ერთი საათით მაინც მოვშორდე კომპიუტერს, ტელეფონს და სხვა გაჯეტებს.
Tags: სიახლეები




